სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ ტობანიერში, სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, ხევის მეწყრული კერის რეგულირების სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის ღირებულება 91 999 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მშენებარე ამბულატორია დაათვალიერეს. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ ხუთი ამბულატორია რემონტდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 102 495 ლარია. სამთავრობო გუნდი, ასევე ვანის მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური, არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შიდა სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია, ამ ეტაპზე შენობის ინვენტარით აღჭურვა და მუზეუმამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ზვიად შალამბერიძემ, ვანის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
03/12/2019