ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ჭანტურიასა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, 7 ივლისის დილიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. გადაწყვეტილება თვითმმართველობამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო. მოძრაობის შეზღუდვის დაწესებას წინ მთელი რიგი ფაქტორები უძღოდა. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე რუსთაველის ქუჩაზე სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მომპოვებელი ორგანიზაციის, შპს ,,გ.მ“–ის წერილით მუნიციპალიტეტმა მიიღო შეტყობინება , რომ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ წრესთან, სალიცენზიო კონტურის გარე ტერიტორიაზე, აღმოჩენილი იქნა გვირაბები, რომელიც დაუდგენელი პირების მიერ ქერქული ნარჩენების უნებართვო მოპოვების შედეგად წარმოიქმნა და არსებობს გზის სავალი ნაწილის ჩანგრევის ალბათობა, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ დათვალიერებული იქნა ტერიტორია. შექმნილი ვითარებისა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გზის ამ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საავტომობილო მოძრაობა ალტერნატიული გზის გამოყენებითაა შესაძლებელი.
ზესტაფონში ჭანტურიასა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
07/07/2016