ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა

12/10/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და აშშ-ის სენატორმა, ჯო დონელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონული ლაბორატორია დაათვალიერეს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ განხორციელებულ სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
მარნეულის ლაბორატორიის შენობა DTRA-ს მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე გავლილი აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელია ბიზნესოპერატორებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის საერთაშორისო სერვისის ადგილობრივ დონეზე შეთავაზება. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ ლაბორატორიების აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები, მარნეულის გარდა, საქართველოს კიდევ 10 რეგიონში განახორციელა.
ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. სისტემაში შედის როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია. აშშ-ს სენატორმა, ჯო დონელმა სისტემაში შემავალი სამი უწყების კოორდინირებულ საქმიანობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა ხაზი გავუსვა ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას, რომლის შედეგადაც მოხდა ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ჩამოყალიბება. პარტნიორობის ფარგლებში მოხდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით საშიში დაავადებების კვლევის მეთოდებზე. ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სისტემატური სწავლებები. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაავადებების აღმოჩენასთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება მისი გავრცელების პრევენციის მიზნით“, – აღნიშნა აშშ-ის სენატორმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ რეგიონში საერთაშორისო დონის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ასევე, აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაობის შედეგად, ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს საზღვარზე, საკარანტინო პუნქტებში დაავადებების არსებობის რისკის შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევების პროცესში ჩაერთოს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0