ზამთრის სეზონზე კურორტი „ბახმარო“ ოთხჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს

07/09/2017

„ ზამთრის სეზონზე კურორტი „ბახმარო“ ოთხჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს“ – ეს განცხადება გერმანელმა ინვესტორმა ინგუ შლუტიუსმა გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრის მთავარი თემა კურორტზე ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები გახლდათ. როგორც შეხვედრაზე ინვესტორმა აღნიშნა, სეზონის განმავლობაში კურორტზე მოხდება 20-25 ჯგუფის ჩამოსვლა. შეძენილია დამატებითი სპეციალური ტექნიკა თოვლმავალი და ბახმარო ზამთრის სეზონზე ოთხჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს. მოხდა კადრების გადამზადება ევროპაში, რათა ჩამოსულ ტურისტებს უკეთესი და მეტად უსაფრთხო სერვისი შესთავაზონ. „ გერმანელი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია ბახმაროში ზამთრის ექსტრემალური სპორტით, გასულ წელს კურორტზე უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან დაიქირავა კოტეჯები, აიყვანა მომსახურე პერსონალი, ჩამოიტანა სპეციალური ტექნიკა და ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა. ზამთრის სეზონზე დაახლოებით 200 ტურისტს ველოდებით. ის აპირებს ტურისტების რაოდენობის ოთხჯერ გაზრდას და ეკონომიკის სამინისტროსთან მიწის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კურორტით კიდევ ბევრი ინვესტორი დაინტერესდება და ბახმაროში მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადმინისტრაციის თანამშრომელი ვახტანგ გველებიანი და კურორტ „ბახმაროს“ დირექტორი დავით საჯაია დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0