ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. კანონპროექტები დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. განსაზღვრულ ზონებში ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე, კანონით დადგენილ პერიოდში ზამთრის საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ნორმების დამრღვევ პირს ფულად ჯარიმასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობა გაუმჯობესდება.
„შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში შემცირდება, რაც შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.