„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ვუმასპინძლოთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ქალბატონ ირენ ქელინს და თანმხლებ დელეგაციას. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შვეიცარიის პარლამენტის ვიზიტი სიმბოლური და მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს სრულდება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი. მისივე თქმით, თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას.
„შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო, განვითარების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ არსებულ თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო კავშირების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„განვიხილეთ საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის პარტნიორობა. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნა დაუდასტურა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ვაფასებთ შვეიცარიის შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში და, აგრეთვე, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციის მხარდაჭერას. ქალბატონ ქელინსა და მის კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის, ირენ ქელინის განცხადებით, ურთიერთობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის, სხვადასხვა მიმართულებით არის ძალიან მჭიდრო. მან ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტი, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ურთიერთობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არის ძალიან ახლო. იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამოქალაქო დონეზე. ჩვენ გვინდა, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი პროგრამა 2022 – 2025 წლისთვის ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო შვეიცარიისთვის. შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, კონფლიქტის გადაჭრაში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნაში“, – განაცხადა კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა.
ირენ ქელინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
„შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მოწყვლადია დემოკრატიული ბალანსი და მშვიდობა. გვესმის ის ფაქტიც, რომ საქართველომ ჩვენზე კარგად იცის, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საომარმა მოქმედებებმა ეკონომიკურ თუ სხვა თვალსაზრისით. ამ რთულ დროს მნიშვნელოვანია ფოკუსირება საერთო ღირებულებაზე. პანდემიის შემდგომ, ყველამ კარგად ვიცით, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, რამაც მნიშნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ევროპაზე და ჩვენს ქვეყანაზე, არამედ ზოგადად მსოფლიოზე. გვიხდება ამ საკითხებზე მუშაობა და თავისთავად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა გარემოს დაცვის საკითხებზე. უნდა ვიყოთ ერთიანები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე, უნდა შევძლოთ საერთო გამოსავლის მიღება, უნდა გვახსოვდეს საერთო ღირებულებები, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ყველა ეს ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს ჩვენი მორალური კომპასი, როგორც აქ საქართველოში, ასევე ჩვენთან შვეიცარიაში“, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა.