ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, სადაც მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე „რესპუბლიკელები“, ან „თავისუფალი დემოკრატები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკურ კამპანიაში, საარჩევნო კამპანიის დროს კი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აკრიტიკებენ.
”ამ კრიტიკაში და ჩვენს გამონათქვამებში ჩვენს განზრახულობებსაც ვავლენთ ხოლმე. მე ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე „რესპუბლიკური პარტია“, ან „თავისუფალი დემოკრატები“. „რესპუბლიკელებს“ აღმოგვიჩინა პრობლემა, რომ თურმე ილია ჭავჭავაძეს ცუდ კაცად ვთვლით. მე ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა ეს კრიტიკა. ეს არ არის სწორი და კარგი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 წელი „რესპუბლიკელებმა“ იცხოვრეს ისე, როგორც იცხოვრეს. პირადად მან და პარტიის წევრებმა აკეთეს ის, რაც შეეძლოთ ქვეყნის სასიკეთოდ იმ პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც ურთიერთობა იყო შესაძლებელი და სწორი.
”აგერ არის არჩევნები. არჩევნების წინ ყველა პარტია და პოლიტიკოსი თავის არჩევანს აკეთებს. ჩვენი არჩევანი უცვლელია. ჩვენ ვართ მზად პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის პარლამენტშიც, მის გარეთაც. თუ ივანიშვილი ახლა უკვე სხვანაირად უყურებს მოვლენებს, ეს მისი უფლებაა. კარგია, რომ ის ამას ეუბნება ქართველ ხალხს. ცუდია, რომ ჩვენს საერთო პროექტზე, რომელიც გულისხმობდა გაძლიერებულ, დემოკრატიულ „ქართულ ოცნებას“, მან უარი თქვა. დანარჩენი არჩევნებზე გადაწყდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.