ვიწყებთ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას – ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობას

26/01/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ამ დაპირებას ასრულებს. მისი თქმით, უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო თვეში ფართებით უკვე 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე შევძლებთ, 15-16 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება.

„ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება ამ ოჯახებს და მომდევნო წლების განმავლობაში, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა დაკმაყოფილდება მუნიციპალური ფართებით და მოუგვარდებათ პრობლემა, რაც წლების განმავლობაში აწუხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა იწყება.

„დღეს ვიწყებთ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას – ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობას. ეს პროექტი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქსელი იქ წლების განმავლობაში არ არსებობდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. პირველ ეტაპზე, სატუმბი სადგური უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ შემდეგ გამართულად შეძლოს ამ ქსელმა მუშაობა. დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება სატუმბი სადგურის მოსაწყობად. პარალელურად, ვიწყებთ ივერთუბნის რამდენიმე ქუჩაზე (ხერხეულიძის ქუჩა, შერვაშიძის ქუჩის შესახვევები) წყალარინების ქსელის მოწყობას, რაც შემდგომში სატუმბ სადგურს დაუერთდება. ასევე, განხორციელდება დაერთების სამუშაოები ხუდადოვის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ ქსელზე. ივერთუბნის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობა ეტაპობრივად განხორციელდება. პირველი ეტაპი, ეს არის სატუმბი ქსელის მოწყობა და სხვა ქუჩების დაქსელვა. ამისთვის, ჯამში, შვიდი მლნ ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი მარტიდან სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება, საბურთალოს რაიონში კი ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე გამოიყოფა, ჯამში, 497 საპარკინგე ადგილი. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, ჯამში, 1 116 ადგილი. საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილით. ამ რაიონებში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომანქანების პარკირებისთვის, ხოლო ოთხი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი თებერვლიდან აღნიშნულ რაიონებში გამოყოფილ პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება დაავალა.
მისი თქმით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური სავაჭრო სივრცეები და მოქალაქეებმა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას გარეთ ეწევიან, ამ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.

„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, თემა ეხება გარე მოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით, გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კერძოდ, ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოების წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, მან სამი მლნ ლარის ქონება 69-ათასიან მიწაში გაცვალა.

„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ამჯერად, მთელი გადაცემა მიუძღვნეს იმას, თითქოს, 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა. ჩემი განმარტება სრულყოფილად არ გასულა ეთერში. საქმე კი მარტივადაა: ავლაბარში გაიცა სამშენებლო ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე, რაც წარმოადგენს სკვერის ტერიტორიას. ეს არასწორია. რეალურად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე, ის კონკრეტული მიწის ნაკვეთიც შეფასდა, რაც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. ერთნაირი თანხების შესაბამისად მოხდა ადგილმონაცვლეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების ნებართვის გაცემა დაუშვებელია.

„ზოგადად, რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რეკრეაციული სივრცეები გავანადგუროთ. ეს წლების წინ ხდებოდა – ანგრევდნენ სპორტულ მოედნებს, მწვანე სივრცეებს. დღეს მე და ჩემი გუნდი ასეთ ადგილებს ვუბრუნებთ ქალაქს და ეს მილიონები ჯდება. ამ შემთხვევაში, გაკეთდა ადგილმონაცვლეობა. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ კახა კალაძემ ვინმე დაჩაგრა, ბიზნესი წაართვა, ბიუჯეტიდან ფული მოიპარა და ა.შ.“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომელი – საბავშვო ბაგა-ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორი ნინა წულუკიძე წარუდგინა. თბილისის მერმა მას აღსაზრდელების მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მზრუნველობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, თბილისელებს გავაცნო თბილისის მერიის ღვაწლმოსილი თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია, ერთგულად ემსახურებიან ქალაქს და მის მოსახლეობას. მათი წვლილი ქალაქის განვითარებაში, აღმშენებლობაში, ძალიან დიდია. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ ხელმძღვანელი ასეთი თანამშრომლების, რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ქალაქი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქში განვითარება, აღმშენებლობა შეუქცევადი პროცესი იყოს. ჩემი და ჩემი გუნდის სიძლიერე დგას ასეთ ადამიანებზე. შეიძლება, ხშირად მე ვჩანდე ტელევიზორში და კონკრეტულ პროექტებთან ვასოცირდებოდე, მაგრამ ამის უკან ჩემი თანამშრომლები დგანან, რომლებიც ყოველდღიურად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი წინ წავიდეს და შემოვიტანოთ სიახლეები. შესაბამისად, ჩემს თანამშრომლებს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ნინა წულუკიძე 38 წელია დედაქალაქის სკოლამდელი განათლების სისტემაში მუშაობს. აქედან 32 წელი, N75 საბავშვო ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორის პოზიციაზეა.

„ნინა წულუკიძე უდიდესი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს, როგორც აღსაზრდელების მშობლებში, ასევე, მის კოლეგებში. მისი პროფესიონალიზმის, სამუშაო პრაქტიკისა და ბავშვებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის შედეგად, წლების განმავლობაში, 20-მდე პატარას გაეწია ისეთი კვალიფიციური და მაღალი დონის პირველადი დახმარება, რის გარეშეც, მათი სიცოცხლის გადარჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა. ასეთ ადამიანებს უნდა იცნობდეს საზოგადოება. სამი წლის წინ აღსაზრდელი, რომელსაც ფილტვების ანთება ჰქონია, შეუძლოდ გახდა. ბავშვმა დაკარგა გონება, რაც როგორც აღმოჩნდა, გამოწვეული იყო ფილტვის გათიშვით. ხელოვნური სუნთქვითა და გულის მასაჟით, ბავშვმა სუნთქვა შეძლო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვს სიცოცხლე მეორედ აჩუქა იმ ადამიანმა, ვინც მას პირველადი დახმარება გაუწია. მინდა, ქალბატონ ნინას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და ვუსურვო წარმატებები. ყოველთვის ვეცდები, ასეთი ადამიანები საზოგადოებას წარვუდგინო, რომ მათ იცნობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0