ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას

01/02/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს.

„სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია იწარმოებს.

„ხვალიდან თვენახევრის განმავლობაში, ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოებზეც ისაუბრა, რომელიც 9 თებერვალს დაიწყება. სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება კი 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში, გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს რა სავალალო შედეგი მოჰყვა – ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროსადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკას, რომ ამდენი წელი მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს, რომელიც ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13,4 მლნ ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროსადგური ეტაპობრივად დაიკეტება. ვარკეთილის მიმართულებით კი ავტობუსების რაოდენობა დაემატება, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

„გარდა ამისა, შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რადგანაც მეტრო განსაკუთრებული ობიექტია. „ვარკეთილის“ დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. დაახლოებით, ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით, ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შედეგად, რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება. თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით მოეწყობა.

„იცით, რომ „მზიურის“ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გასხვისებული, კერძო საკუთრებაში იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დავუბრუნეთ. გვინდა, აღნიშნული სივრცე მოვაწესრიგოთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. როგორი მიდგომაც გვაქვს რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელების უმოკლეს პერიოდში დაწყება თბილისის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა.

„მინდა, ანდრია ბასილაიას დავავლო, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და ამ სივრცის მოწესრიგება, რომ გაზაფხული-ზაფხულში „მზიურს“ ჰქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი ტერიტორია, რადგან მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასე რომ, ეს სივრცეც ყველანაირად იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა სტუდენტების დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის, თბილისის მერიამ დღეიდან განცხადებების მიღება დაიწყო. დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება.

„გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართონ თბილისის მერიას, წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კი დეტალური ინფორმაცია მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

„2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, 4 555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, 3 720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ჩამოთვლილი კატეგორიის სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ანძა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტი სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.

„თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში, თავის მოსახლეობას გვერდით უდგას. ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ხორციელდება დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება“, – განაცხადა კახა კალაძე.

მისი თქმით, თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანია, მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.

„თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, დააფინანსა 130 857 შემთხვევა, მათ შორის, 115 491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში; ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში, 163 შემთხვევა; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, სრულად ან 50%–ით 238 მოქალაქეს დაუფინანსდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია.

„მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, ვეცდებით, გვერდით დავუდგეთ. წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია. დაფინანსების თვალსაზრისით, ბევრი პროგრამა გვაქვს და ვისაც ამის საჭიროება გაქვთ, უნდა გამოიყენოთ. ჩვენი მხრიდან კი თანადგომა იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, ნინო ტურძილაძე წარუდგინა, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მუშაობს.

„მინდა, მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი გაგაცნოთ – ნინო ტურძილაძე, პროფესიით ბიოქიმიკოსი, რომელიც უკვე 13 წელია თბილისის მერიაში მუშაობს. იგი თავდაპირველად, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, 2021 წლიდან კი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს. ნინო ტურძილაძე მონაწილეობდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის სახელმძღვანელოსა და გეგმარებითი დოკუმენტაციის გზამკვლევის შექმნის პროცესში. ვფიქრობ, თვალშისაცემია ის ცვლილებები, რომელიც თბილისში გამწვანების მიმართულებით გვაქვს – ბევრი რეკრეაციული სივრცე მოეწყო, პარკი რეაბილიტირდა და სკვერი მოწესრიგდა, რაც ნინო ტურძილაძის ჩართულობით განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ საქმიანობისთვის და მომდევნო წლების განმავლობაში, წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0