ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას

14/06/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა.
მისი თქმით, აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს.

„სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და მათი ჩართულობით, მიღებული იქნა. ასევე, საკრებულომაც დაამტკიცა შესაბამისი წესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი.

„პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე – www.decisions.tbilisi.gov.ge. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად. ამდენად, ახალი წესებით და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება.
მისივე თქმით, აღნიშნული ქუჩა რეაბილიტირდება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება.

„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა. კახა კალაძის თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს.

„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება.

„აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯავახეთისა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

„პროექტის ფარგლებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა – მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო.

„პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გახდა უსაფრთხო. გვახსოვს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო იქ, ტროტუარებზე უბრალოდ ფეხით გავლაც კი შეუძლებელი იყო, ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ გარემოვაჭრეებს. მინდა, ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას, ბაზრობის შიდა სივრცეში გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ საქმიანობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს. მისი თქმით, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია: პირველი, ეს არის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ და დღეისთვის, ამ პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს; ასევე, მნიშვნელოვანია „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, წელს 800 ლარის ღირებულების 2 300–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა. ვაუჩერის ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტი და მერიის ვაუჩერის ფარგლებში იღებს მომსახურებას; მნიშვნელოვანია „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამაც“, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად, 1 300-მდე პირი იღებს დახმარებას; გარდა ამისა, მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებში, წლის განმავლობაში 900-ლარიანი დახმარება გაიცემა. დახმარებას წელიწადში 623 უსინათლო პირი იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერია ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება. თბილისის მერის განცხადებით, ასეთი პროექტებია მაგალითად, „ხის საწარმოს“ დაფინანსების და უსინათლო პირთა გამცილებლის პროექტი.

„ამასთან, შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლიდან სიახლეები შემოვიტანოთ, ახალი პროგრამები განვახორციელოთ და ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ილია სოფრომაძე წარუდგინა, რომელიც თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში მუშაობს.

„უკვე ტრადიციად იქცა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გაცნობა საზოგადოებისთვის. ეს გახლავთ ის ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დაუღალავად მუშაობენ. ისინი ყოველდღიური შრომით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქში კარგი პროექტები განხორციელდეს, ასევე, ხელშესახები და თვალშისაცემი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. მინდა, გაგაცნოთ ილია სოფრომაძე – თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი. ის 2013 წლიდან კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ემსახურება მუნიციპალური ქონების დაცვასა და მის უსაფრთხოებას. მას ძალიან საპასუხისმგებლო ობიექტები აქვს ჩაბარებული – რიყის პარკი, ვაკის პარკი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი, „მზიურის“ პარკი. აღკვეთილი აქვს ძარცვისა და ქონების დაზიანების არაერთი შემთხვევა. ილია სოფრომაძე არის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება მოქალაქეებისთვის და შემდგომში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოუძახებია. მეამაყება, რომ დედაქალაქის მერია ასეთ ადამიანებზე დგას. მადლობა მინდა გადავუხადო მას და ყოველდღიურ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0