საქართველო მოწინავე ქვეყანაა განვითარებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ბოლო წლებში მიღწეული აქვს უზარმაზარი პროგრესი, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მოლაპარაკებებისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსადმი ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერაზე, რომელიც მათ შორის არაერთი პროგრამის განხორციელებაში გამოიხატება, ასევე – ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა ევროპული სკოლისა და საგანმანათლებლო სექტორის მნიშვნელოვან როლს.
რეგიონული განვითარების კონტექსტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ევროკომისარ ჰანის ინიციატივა, რომელიც ფოკუს-რეგიონების შერჩევასა და მათთვის, სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი, დამატებითი პროექტების შეთავაზებას გულისხმობს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს. მაია ცქიტიშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი EBRD-ის სამიტის ფარგლებში ევროკომისარს შეხვდა
22/11/2019