დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს რეგიონში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ოთხი წლის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში ეხებოდა იმ კანონმდებლობას და რეფორმებს, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა. დეპუტატმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში ჩატარებულ პროექტებზე, მათ ღირებულებაზე და მიღებულ შედეგზე. დეპუტატმა ასევე აღნიშნა ის პრობლემები, რომლებიც რამდენიმე პროექტის განხორციელების დროს შეიქმნა და საზოგადოებას განუმარტა მათი წარმოქმნის მიზეზები.
ანგარიში ასევე ეხებოდა მთის კანონის თანახმად ამოქმედებულ შეღავათებსა და მიწის ახალი კანონის რეფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას 1.2 ჰა-მდე მიწის ფართობები დაირეგისტრიროს უფასოდ.
ანგარიშის დასასრულს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები მათთვის საინტერესო და პრობლემატურ საკითხებზე. კითხვები ძირითადად შეეხო წყლის გადასახადის საკითხს, სოფელ იელიში ოქროს მოპოვების თემას და ამ ეტაპისთვის დაუსრულებელ პროექტებს.
კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ ვიქტორ ჯაფარიძემ მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს სპეციალურად მაღალმთიანი რეგიონებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო პროგრამაში „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“, რომელიც უპრცენდენტო საშუალებას აძლევს მოსახლეობას წამოიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით.
შეხვედრის დასასრულს დეპუტატმა, მადლობა გადაუხადა მოსახლეობას მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა სამოქალაქო პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ.
ვიქტორ ჯაფარიძემ, ადგილობრივ მოსახლეობას ოთხი წლის ანგარიში წარუდგინა
25/06/2016