საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 24-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საამაყოა, როცა ყოველ წელს ცოდნითა და სოციალური უნარებით აღჭურვილი ასობით სხვადასხვა სფეროს სპეციალისტი უერთდება ქართული საზოგადოების უმაღლესდამთავრებულ პროფესიონალთა რიგებს.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან მომდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები თავისი შინაარსით ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან მიმდინარეობს ჭიდილი და დაპირისპირება, რომელმაც უფრო უნდა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.
“ჩვენი ქვეყნის გაძლიერების თვალსაზრისითა და ემოციით, ჩემთვის ძალიან ახლობელი არაერთი ადამიანი მოღვაწეობდა GIPA- ში. დღეს რექტორმა ახსენა ბაჩა. მე გავიხსენებ ზურა ჟვანიასაც, რომელმაც ახალი ძლიერი სახელმწიფოს შენების ემოციით იმუშავა თქვენთან ერთად. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არ შემიძლია არ შევეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დემოკრატიული პროცესი და ამ პროცესის ყველაზე სერიოზული კულმინაცია, რომელიცაა არჩევნები, ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსით, რადგან ამ პროცესში მიმდინარეობს ჭიდილი, დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გახადოს. მე ვისურვებდი, რომ ეს მართლაც ასე ხდებოდეს და მოხდეს. ეს არჩევნები, რომელიც ცოტა ხანში ჩატარდება არა საზოგადოების პოლარიზაციის, არა ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და, ამავდროულად ერთიანი პროცესის, ერთიანი ქვეყნის, ერთიანი ღირებულებების შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს. ჩემი ერთერთი მთავარი ფუნქცია და ერთერთი მთავარი სამუშაო, რომელსაც ამ ხუთი წლის განმავლობაში ვახორციელებდი, ამის მცდელობა იყო სწორედ, რომ განსხვავებების მიუხედავად შეგვექმნა ერთიანი ღირებულებითი სივრცე. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ადვილი არაა და მსურს, რომ თქვენი მოღვაწეობა, მომავალი პროფესიონალების მოღვაწეობა ამ ქვეყანაში იყოს სწორედ ამ ერთიანი სივრცეების ძიებისკენ მიმართული. ამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა არჩევნებმა, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, სწორედ განსხვავებულობის, ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ჯიპა- ს და ასეთ ძლიერ საგანმანათლებლო კერას აცოცხლებენ საქართველოში. ასევე მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის პარტნიორებს, რომელთაც სერიოზული დახმარება განაპირობებს, როგორც GIPA- ს, ასევე სხვა საგანმანათლებლო პროექტების წარმატებას.