ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტმა ქართველმა, საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაინახოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჭიროება საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობაში, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარტიული კონფერენციის „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ დასრულების შემდეგ.
კონფერენციის ძირითადი, დახურული ნაწილი სწორედ პარტიის საარჩევნო გეგმებს და ამოცანებს მიეძღვნა.
„მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურ პარტიას“ ამომრჩეველი დამოუკიდებლად იხილავს. ჩვენი კანდიდატები წარდგენილი იქნებიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პარტია, ჩვენც ვიზრუნებთ იმისთვის, რომ მეტმა ქართველმა, საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაინახოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჭიროება საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში. ამისთვის „რესპუბლიკური პარტია“ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, საარჩევნო სიასთან და კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, „რესპუბლიკურ პარტიას“ გააჩნია ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პარტიული ინფრასტრუქტურა და რაიონული ორგანიზაციები.
„ახლა არის ის დრო, როცა ამ ორგანიზაციების საარჩევნო რელსებზე გადაწყობა უნდა მოხდეს და კანდიდატურებიც ნელ-ნელა გამოვლინდებიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.