საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვევა, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას, რის შემდეგაც ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას, სასულიერო პირებს, იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება.
იმერეთის რეგიონში სტუმრობისას საგარეო საქმეთა მინისტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) -ის ფარგლებში დაფინანსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი 102 მილიონი ევროს შეადგენს.
ვიზა ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ქუთაისს ეწვევა
31/03/2017