ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება. 6 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
6 ივნისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროში საელჩოს პარტნიორები.
8 ივნისს გაიხსნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კონგრესმენი ტედ პო (რ-ტეხასი), აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა თომპსონი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკსი და სხვები.
საზეიმო კვირეულის ფარგლებში საქართველოს საელჩო, ამერიკული ორგანიზაცია Embassy Experiences / Things to Do in DC პარტნიორობით ასევე უმასპინძლებს ქართული მოდის საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვე დიზაინერების სამოსი და აქსესუარები.
10 ივნისს სმითსონიანის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია ღვინის ცივილიზაციის საწყისებზე: „Exploring the Origins of Wine Civilization“ , რომელიც საქართველოს საელჩოს მიღებითა და ქართული ღვინის პრეზენტაციით გაიხსნება.
კვირის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს სპეციალურად ქართული დიასპორისათვის დაგეგმილი ღონისძიება დაასრულებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ოჯახებთან ერთად სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლებს.
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
06/06/2017