ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნატო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას გააძლიერებს

10/07/2016

ვარშავის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ალიანსის ქვეყნები ერაყის ტერიტორიაზე ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს გაწვრთნიან.

„ჩვენ უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ პარტნიორებს, რათა მათ ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვა და ექსტრემიზმთან ბრძოლა შეძლონ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ერაყელი ოფიცრების მომზადება დაიწყება იორდანიის ტერიტორიაზეც, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში კი, იმუშავებს კონსულტანტების ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას საკონსულტაციო სახის დახმარებას გაუწევს და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებაში დაეხმარება.კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ჩაერთვებიან AWACS- ის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავები, რომლებიც კოალიციურ ძალებს უშუალო დახმარებას გაუწევენ.
აღნიშნული ავიაცია საერთაშორისო და ასევე თურქეთის საჰაერო სივრცეში იმოქმედებს, რათა კოალიცია სირია/ერაყის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე დეტალური ინფორმაციით იყოს უზრუნველყოფილი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ ლიბიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დაწყებაზე, რომლის მიზანიცაა უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ეფექტური ბრძოლისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0