ვარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა

28/05/2022

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა. ახლად გახსნილი პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი დაპირება, რომ ამ სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოვაწყობდით, შესრულებულია. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ სამგორის რაიონში მსგავსი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. მეამაყება, რომ მოეწყო სივრცე, სადაც დასვენებისთვის, გართობისთვის, განტვირთვისთვის შესაბამისი ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ასევე, პატარებისთვის განთავსებულია შესაბამისი ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი – უფრო მწვანე, უფრო კეთილმოყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.

„მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი იყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცეებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთი რამ მინდა გთხოვოთ – ამ სილამაზეს სჭირდება გაფრთხილება. მოვუაროთ, არ დავაზიანოთ, დავიცვათ ვანდალიზმისგან. მოვლა-პარტონობას რაც შეეხება, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ სკვერი იყოს მოწესრიგებული, გალამაზებული, მოვლილი. წარმატებები, გამარჯვება და წინსვლა ყველაფერში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით, გაჩნდა საპიკნიკე არეალები. პარკის ტერიტორია შეივსო მწვანე ნარგავებით. დაირგო 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე. ჰიდროთესვის პრინციპით, 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 5 863 718 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0