წელს განსაკუთრებული არჩევნები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2012 წლის არჩევნებს სხვა დატვირთვა ჰქონდა.
”ახლა იქნება ჭეშმარიტად იმაზე კარგი და არანაკლები იმ ორი არჩევნებისა, რომელიც ახალი გუნდის დროს ჩატარდა და ასეთივე დემოკრატიულობით ჩატარდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილიც დიდია, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.
ამისთვის მე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას და შეხვედრებს, ტელევიზიებით გამოსვლებს. ვაპირებ დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა არგუმენტებით, დასაბუთებით წარმოვუდგინო საზოგადოებას ვინ როგორია, როგორია მთავრობა, როგორი უნდა იყოს, ვისაუბრებ მედიაზე, ასევე შევეხები ყველა საკითხს, რის საფუძველზეც შეიძლება არჩევანი გააკეთოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, პირადული მას არაფერი აქვს, არც ბიზნესთან და არც თანამდებობრივი.
”მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.