13 ივლისს, სოფელ სამთავისში გაიმართა ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე პრიზიორის, XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული – ვანო (ივანე) გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტიტულის მქონე ფალავნები სხვადასხვა სახეობის ჭიდაობაში კასპიდან, ხაშურიდან, გორიდან, მცხეთიდან, დუშეთიდან, ახმეტიდან, მანგლისიდან და თიანეთიდან.
წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილები მოიპოვეს კასპელმა (3 ადგილი), ხაშურელმა (1) და მანგლისელმა მოჭიდავეებმა.
შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო საქართველოს ორგზის ფალავანი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი.
13 ივლისი ივანე გამხიტაშვილის დაბადების დღეა, რომელიც 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. ამ დღეს მის მშობლიურ სოფელ სამთავისში აღნიშნული ტურნირის ჩატარება უკვე ტრადიციულია.
13 ივლისს დაიბადა ახალქალაქელი ძიუდოისტი ნოდარ ნუგზარიშვილი, რომელმაც არაერთხელ ასახელა მშობლიური კასპი.
ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართა
14/07/2016