ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

31/03/2017

ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. მხარეებმა სოფლის მეურნეობასთან, სპორტთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომის თემას წარმოადგენდა ასევე, 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და ინფორმაციის მოსმენა ტენდერების შესახებ.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ასევე, ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად დანგრეული ტაბიძე–ბაგრატის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის დასრულებულ პროექტს. რეაბილიტაციის ფარგლებში რკინა-ბეტონის სამმალიანი კონსტრუქცია აიგო. ხიდი გათვალისწინებულია, როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო მიმოსვლისთვის და ის ქალაქ ვანის ორ ქუჩას (ტაბიძე-ბაგრატი) ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის აღსადგენად 370 000 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0