ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღინიშნა

18/10/2017

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას დასავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში, პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ბრიგადის გენერლებმა, შავლეგო ტაბატაძემ და გიორგი მათიაშვილმა უმწიკლო სამსახურისთვის „სამშობლოსთვის თავდადებული“ და I ხარისხის უწყებრივი მედლებით თორმეტი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვეს.
საიუბილეო ცერემონიალი IV მექანიზებული ბრიგადის ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.
1991 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე I ოპერატიული პოლკი შეიქმნა. ქვედანაყოფს მონაწილეობა აფხაზეთისა და სხვა საომარ მოქმედებებში აქვს მიღებული. 2004 წლის 29 დეკემბერს I ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს IV ქვეითი ბრიგადა ჩამოყალიბდა. 2013 წლის 18 ოქტომბერს, საშტატო რეორგანიზაციის შედეგად, IV ქვეითი ბრიგადა IV მექანიზირებულ ბრიგადად გარდაიქმნა. 2013 წლიდან ქვედანაყოფი ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაშია ჩართული. საბრძოლო მოქმედებების დროს სხვადასხვა დავალებებზე და სამშვიდობო მისიებში IV მექანიზებულ ბრიგადას 114 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დაღუპული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0