ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან არამარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებს

05/08/2020

რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება.

„აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს კომპანია „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი განხორციელდება „ეარბალტიკის“ პირველი რეისი – რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, კომპანია „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს – 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0