“მოთხოვნა მიმდინარე პროექტებზე იმდენად არის გაზრდილი, რომ დამატებითი საბიუჯეტო რესურსების მობილიზების აუცილებლობა გახდა საჭირო; თუმცა, ამას ბევრი წელი დასჭირდა, რომ ეს პროექტები ისეთი პოპულარული გამხდარიყო, როგორიც დღეს არის. ეს პროექტები იყო ადეკვატური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, რომ სოფლის მეურნეობის ჯაჭვში კონკრეტული რგოლები განვითარებულიყო. გადამმუშავებელი და შემნახველი მეურნეობების თანადაფინანსებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, წელს დაკონტრაქტდა უფრო მეტი სამაცივრე მეურნეობა, ვიდრე პროექტის წინა პერიოდში; ასევეა მრავალწლოვანი ბაღების გაშენების კომპონენტში, უფრო მეტი ბაღის გაშენება ხდება მიმდინარე წელს, ვიდრე რომელიმე წინა წელს. შესაბამისად, შემნახველ მეურნეობებში, გადამმუშავებელ საწარმოებში, სამაცივრე მეურნეობებში, პროექტში „დანერგე მომავალი“ მიემართება დამატებითი რესურსები იმისათვს, რომ არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ უკვე დამატებითი ფინანსების მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. ჩვენ, 2019-2020 წლებში, განვახორციელეთ პროგრამა საგრანტო თანადაფინანსების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციისთვის; არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნისა და მცირე რესურსის გამო, ბევრი უკმაყოფილო რჩებოდა; უკმაყოფილო ფერმერებთან გვქონდა შეხვედრები; წელს ბიუჯეტში შევძელით 10-ჯერ მეტი რესურსის მობილიზება, ეს არის 50 მილიონი ლარი, რომ მოვახდინოთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება; განვმარტავ: აქ იგულისხმება როგორც მცირე, ძალიან მცირე სიმძლავრისა და მოცულობის ტექნიკა, ეს არის სხვადასხვა ტიპის იმპელემენტი, დამხმარე აგრეგატი, რომელიც საჭიროა გამწევ ტექნიკასთან ერთად და 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორები და გამწევი ტექნიკა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების განვითარებისთვის. ვაგრძელებთ თანადაფინანსებას საგრანტო კუთხით. რა თქმა უნდა, სისტემური პროექტი, რომელიც აგროლიზინგსა და აგროკრედიტში მექანიზაციის დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე გრძელდება. საგრანტო ინტერვენცია სახელმწიფოს მხრიდან, ვფიქრობ, იყო ყველაზე სწორი და ადეკვატური. პროგრამას დავიწყებთ უახლოეს ხანებში და დეტალებს გაგიზიარებთ, თუმცა ეს იქნება თანადაფინანსება 50%-დან 40%-მდე გრანტის სახით, ოღონდ სხვადასხვა ტექნიკაზე, სიმძლავრეების მიხედვით, იქნება სხვადასხვა, უფრო მცირე მექანიზაციას უფრო მეტი დაფინანსება ექნება, რათა უფრო მეტმა მცირე მეურნეობამ შეძლოს ტექნიკის შეძენა და თავის საწარმოო საშუალებების განახლება”,-ლევან დავითაშვილი
ვაგრძელებთ თანადაფინანსებას საგრანტო კუთხით
05/07/2021