ეხლა უკვე დარჩენილია ტექნიკური პროცედურები

08/12/2016

„ჩვენ მივესალმებით იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, მიუხედავად ბევრი სირთულისა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
ჩვენი შეხვედრების დროს, ასევე პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პოლიტიკური ლიდერები ადასტურებდნენ გადაწყვეტილების მიღების მზაობას. შესაბამისად მათ ხელი შეუწყეს ამ გადაწყვეტილების მიღებას, რაც აჩქარებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეხლა უკვე დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტექნიკუ რი პროცედურებიც მალე დასრულდება და საქართველოს მოსახლეობა ისარგებლებს ამ ძალიან დიდი შესაძლებლობით. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. „ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და ვახორციელებთ მის ეფექტურ იმპლემენტაციას. ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას და ასევე ხდება ამ შეთანხმების საფუძველზე მეტი ინტეგრაცია ქართული ეკონომიკის ევროპულ ეკონომიკასთან. ვიზალიბერალიზაციის შედეგად გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა ევროპული ბაზარი გახდეს კიდევ უფრო ახლო ქართველი მეწარმეებისთვის“.
დღეს სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტში უკვე კენჭი ეყარა შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ტექსტს, ასევე ჩაინიშნება კენჭისყრა პლენარულ სესიაზე. საქართველოსთან დაკავშირებით პროცედურები ასევე პარალელურად წარიმართება. „აღარ არსებობს ხელის შემშლელი ბარიერი, ამიტომ მოველით რომ ეს პროცედურაც მალე დასრულდება“- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0