ეჭვი არავის გვეპარება, რომ ვარშავაში ნატო შავ ზღვაზე უსაფრთხოების დაცვისთვის განაცხადს გააკეთებს

08/07/2016

ეჭვი არავის გვეპარება, რომ ვარშავაში ნატო შავ ზღვაზე უსაფრთხოების დაცვისთვის განაცხადს გააკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში, ნატოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ხიდაშელის თქმით, მან შეხვედრა გამართა კოლეგებთან, მათ შორის რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან, რომელსაც შავ ზღვაზე უსაფრთხოების დაცვის ინიციატივა ეკუთვნის.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მისი რუმინელი კოლეგა და სამხედრო მაღალჩინოსნები ”პოსტ-ვარშავულ ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებენ”. ”მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას, მათ შორის რუმინეთის თავდაცვის მინისტრსა და რუმინეთის გენშტაბის წარმომადგენლებს, სადაც ბუნებრივია საუბარი შეეხებოდა მათ მიერ ინიცირებულ შავი ზღვის თემატიკას. ისინი ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ უკვე პოსტ-ვარშავულ ცხოვრებას. იმედი არის, რომ უკვე ოქტომბრის თავდაცვის მინისტერიალისთვის შესაძლებელი იქნება კონკრეტულ გეგმებზე შეთანხმების მიღწევა, იმ შემთხვევაში თუ ხვალ და ამაში ეჭვი არავის გვეპარება, რომ ხვალ ვარშავაში ნატო მიიღებს კომუნიკეში ამ გადაწყვეტილებას და გააკეთებს განაცხადს შავ ზღვაზე უსაფრთხოების დაცვისთვის”, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მას ასევე ჰქონდა შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც, რომლებთანაც საუბრი ორი დღის წინ გაფორმებულ მემორანდუმს შეეხო.

”საუბარი იყო ორი დღის წინ გაფორმებულ მემორანდუმზე, მის გავლენაზე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ის ქართულ სახელმწიფოს აძლევს უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობისთვის. ორი კვირის შემდეგ ჩვენ ვაშინგტონში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, სადაც დაიწყება ძალიან კონკრეტულ, დეტალურ საგზაო რუკაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც შემდეგი სამი წლის განმავლობაში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, თავდაცვისუნარიანობის გამყარების სფეროში უნდა განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შეთანხმება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ახალი ინიციატივები, რომელსაც დღის ბოლომდე ნატოსგან მივიღებთ, საქართველოს უფრო მეტი დაცულობისთვის და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის”, – განაცხადა ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0