ეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის

24/01/2024

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა. შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები – პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ეწყობა „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის. ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სხდომაზე კახა კალაძემ იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობამ შეუფერხებლად მოახერხოს გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს „გაჭედილი“ აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსო ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

„მესმის, რომ ამას გარკვეული პერიოდი დაჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, გვაქვს ამის გამოცდილებაც. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი – დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ. ქალაქის მასშტაბით, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. მათ შორის, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მიკრორაიონში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში; დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა.

„ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე; ასევე სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია.

„ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა, ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზეც გააკეთა განცხადება. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.

„იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას. კანონის აღსრულების პარალელურად, გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი მნიშვნელოვანია. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს – იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ უწყების თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება ამ ქალაქს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა. ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კახა კალაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0