„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის მერვე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, ვაზისუბნის მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს, შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გაფიცულ თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას პირადად მიაწვდის.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაცია მქონდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მათი ინფორმაციით, ეს საკითხი პრობლემას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საქმეში კვლავ ფიგურირებს სამინისტროს სახელი და გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ანაზღაურება არასრულად ხდება, რაც თანამშრომლების ხელფასებზე აისახება. სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში შევხვედები ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელთანაც კლინიკას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. დაუშვებელია კლინიკაში ყოველგვარი გაფიცვა და არეულობა, საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და ამ პროცესებმა არ უნდა დააზარალოს ადგილობრივი მოსახლეობა, მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში, როდესაც კლინიკებში მიმართვიანობა მზარდია. აუცილებელია, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ მედიკოსებმა ადეკვატურ გარემოში, შესაბამისი ანაზღაურებით გააგრძელონ მუშაობა და მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ სამედიცინო მომსახურება,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.