რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი თანმხლებ საკანონდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით მოხდება მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე ან დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები. კანონპროექტით, დაუშვებელი ხდება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე და ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგება.
„გარდა ამისა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს 2020 წლის 18 აგვისტომდე დამთავრებული ის მშენებლობა, რომელზეც ქალაქ თბილისის ფარგლებში გაცემულია მშენებლობის ნებართვა, ან არ არის გაცემული ნებართვა, თუმცა განთავსებულია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან თუ ეს ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან – ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისგან და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, ეს არის წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი საკითხი.
„ეს შეიძლება იყოს კარგი სტარტი შემდგომში უფრო მკაცრი მიდგომების გამოყენებისთვის. ჩემთვის გასაგებია დიფერენცირების საკითხი, რაც თბილისის ტერიტორიას გამოარჩევს ქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი რეკომენდაცია გვექნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ვადებთან დაკავშირებითაც აქვს კომიტეტს მოსაზრება, რომ 18 აგვისტოს შემდგომი პერიოდიც შეიძლება იქნას განხილული. მისი მოსაზრებით, ელექტროენერგიასთან და გაზთან ერთად ჩასამატებელია წყალი.
„ასევე კარგი იქნება, თუ დავაზუსტებთ, რაკი 2-წლიანი პერიოდია მიმართვისთვის გათავლისწინებული. დარეგულირებას საჭიროებს ასევე ის ურთიერთობები, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში შეიძლება წარმოიშვას. ჩემი შემოთავაზებაა, ამას მორატორიუმის სტატუსი ჰქონდეს, თუმცა ჩამოქცევის გადრაუვალი საფრთხე როცა არის, არ შეიძლება ადამიანები 2 წელი ვალოდინოთ და რისკი შევქმნათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მოსაზრებით, საკმაოდ რთული კანონპროექტია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ბედს და ბევრ საკითხს ეხება.
„ერთსა და იმავე საკითხს აქვს თავისი პლუსი და მინუსი და უნდა ავწონ-დავწონოთ, რა უფრო მეტია ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში – მეტია დადებითი თუ მეტია უარყოფითი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. თუმცა მისივე თქმით, კანონპროექტი მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე შესაძლო ზიანს. მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანპონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით.