ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლისაბონში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტს დაესწრო. ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „Innovate or regulate.“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან ერთად უკვე დაიწყო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში.
„ეს პროცესი იძლევა შესაძლებლობას, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი – მომსახურების სერვისის კონტრაქტორი და ასევე, ინოვაციური პროცესის ნაწილი, რათა უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ეს უზრუნველყოფს მეტ კომფორტს, ხელმისაწვდომობას და უკეთეს სამუშაო პროცესს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
Web Summit 2023 მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.
„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავუხსნათ გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს ექსპერტიზის, კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველასთვის პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანია“, – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი. მისი შეფასებით, საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.