„ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი. ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ეს არის სივრცე, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის და რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქრათველოს კომისიის დასრულების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტის შეფასებისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს ინტერესი, ორმხრივ რეჟიმშიც ხელი შეუწყონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.