პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც საზოგადოებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფერენდუმის შედეგი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანი იდეალებისთვის მებრძოლი ხალხის ნების გამოხატულება.
არჩილ თალაკვაძე: „30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმზე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო საზოგადოების ერთობის, აგრეთვე, თავისუფლების და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ნების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ასევე, ნიშანდობლივია და მსურს, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენი ურყევი და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი გახლდათ“.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარული სხდომის წაყვანა მის მოადგილეს, ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან იოსელიანს დაუთმო.
„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას. ნამდვილად, 30 წლის წინ, ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ ჩვენთან ერთად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი. ძალიან მნიშვნელოვანია და ვერ გავაცალკევებთ ერთმანეთისგან დღევანდელ დღეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მონაწილეობას ამ დღესთან დაკავშირებით. რომ არა, ის და მერაბ კოსტავა, ეს დღე შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო. რომ არა, ჩვენი დაპირისპირება, რომ არა, ის, რაც დღემდე გრძელდება, შეიძლება ზვიად გამსახურდია დღეს, აი, აქ, ჩვენთან ერთად მჯდარიყო. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ყველა თქვენგანს, სრულად საქართველოს მინდა, მივულოცო რეფერენდუმის 30 წლისთავი და მივულოცო საქართველოს პირველ პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სხდომის წამყვანმა, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და პოლიტიკური განცხადებებისთვის 30 წუთი გამოყო.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს, დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდა და იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესს ეხება. კანონმდებლებმა, პლენარული სხდომის ბოლო საკითხად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის არჩევის საკითხი განიხილეს, რომელიც კენჭისყრის შედეგად, 83 ხმით, ერთხმად, კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.