ეს არის მექანიზმი, რომელიც არჩევნებში თავიდან აგვაცილებს შესაძლო გაყალბებას

06/07/2020

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ბრიფინგი გამართა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით არის განსაკუთრებული. ის განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიის ხვალინელ დღეს. მის მიმართ დიდი ინტერესია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და არჩევნების ჩატარების ობიექტურობა, სამართლიანობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ ნდობას, რომელიც ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ხოლო ნდობის მაღალ ხარისხს კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს ჩატარებული არჩევნების სამართლიანი წესები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინიციატივა, რომელსაც დეპუტატი პარლამენტს სთავაზობს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე დარეგისტრირდება.

„ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება. როგორ მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს ბიულეტინების გადათვლის, მათი გადამოწმების შესაძლებლობის თაობაზე. კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ბატონი ხმალაძის მიერ და მას მხარს უჭერს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა თანახმაა, თუკი გაჩნდება რაიმე კითხვა და ეჭვი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არსებობდეს მექანიზმი ამ შედეგების – ბიულეტინების გადამოწმების“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რატომ ახლა? ამ კითხვას დეპუტატი პასუხობს, რომ ეს ინიციატივა იყო წარდგენილი სამუშაო ჯგუფში, რომელიც მუშაობდა პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით.

„სამუშაო ჯგუფი გაეცნო ამ ინიციატივას. მას მხარს უჭერდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იმ პერიოდში, როცა ინიციატივა წარადგინეს. ინიციატივა განხილული იყო, მაგრამ არ აუსახავთ იმ პროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოდგინა პარლამენტში. წინა კვირაში, საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვისას, დავაყენე ეს საკითხი რიგგარეშე სესიაზე. ეს წინადადება შევთავაზე სწორედ ამ პარტიების სახელით მომხსენებელს, ბატონ კობახიძეს, თუმცა არ იყო გაზიარებული. ანუ მცდელობა იმისა, რომ ეს ყოფილიყო ასახული კანონპროექტში, უშედეგეოდ დასრულდა. არ მოგვისმენია არგუმენტი, არაფერი უთქვამთ ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს არის კარგი მექანიზმი, დაცული იქნეს ყველა ამომრჩევლის ხმა.

„ჩვენი მოთხოვნაა, პარლამენტმა 13 ივლისის რიგგარეშე სესიის სხდომების ფარგლებში დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ინიციატივა. კითხვაზე, მოასწრებს თუ არა, ვპასუხობ: დიახ, მოასწრებს, რადგან ძალიან დიდი პაკეტი, დიდი ცვლილებები მივიღეთ 3 დღეში წინა სასესიო კვირაში. ეს არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც არანაირ ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს, არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს, უბრალოდ სჭირდება საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილების შეტანა: შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში სავალდებულო წესით, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. წილისყრით შერჩეული იქნება 1 საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არ არის არცერთი საჩივარი, არცერთი განცხადება, რომ შედეგები იყოს გადათვლილი, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ უფლებამოსილი პირები, ვინც არიან საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი, ასეთ ოლქში მოთხოვნა თუ დადგება, 3-ზე მეტ უბანს შეეხება და საოლქო-საარჩევნო კომისია წილისყრით ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს და გადაითვლის თავიდან. ეს აზღვევს გაყალბების შესაძლებლობას, რადგან წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი შიძლება მოხვდეს ამ წილისყრის დროს“, – განცახადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის მოსაზრებით, შესაბამისად, მაღალი იქნება სტანდარტი ბიულეტინებში მოცემული ამომრჩევლის ნების გამოხატვა სწორად იყოს გადატანილი საბოლოოდ, შემაჯამებელ ოქმში. მისივე თქმით, თუ შემოწმების შედეგად განსხვავება გამოვლინდება, საოლქო-საარჩევნო კომისია დამატებით შეამოწმებს მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტინებს იმავე უბნებში, დალუქულ დოკუმენტებში და ეს იქნება იმის გარანტია, რომ თუ პრეტენზია და საჩივარი გაცხადდება და გაჩნდება შედეგების გაყალბების ეჭვი, გადათვლა და გადამოწმება გამორიცხავს ასეთი ტიპის უკანონო ჩარევას.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოარული ხმები, მუდმივი ეჭვის განცდა, ხომ არ არის რაიმე ცდომილება ბიულეტინში გამოხატულ ამომრჩევლის ნებასა და შემაჯამებელ ოქმს შორის, ამ მექანიზმმა დააზღვიოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0