ერთ დღეს ვართ „ქართული ოცნების“ სატელიტები, მეორე დღეს – ”ნაციონალური მოძრაობის“

12/09/2016

ჩვენ უკვე ვხუმრობთ, ერთ დღეს ვართ „ქართული ოცნების“ სატელიტები, მეორე დღეს – ”ნაციონალური მოძრაობის“ , – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მუდმივად ასეა გარდამავალი დროშასავით არის. ამაზე იმიტომ არის საუბარი, რომ ჩვენ ვართ მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს ძლიერი წონა, ამიტომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ რაღაც მხრივ პრობლემები შეგვიქმნან. რაღაც ხომ უნდა თქვან. დღეს ნდობის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან. იყო გარკვეული პრობლემა პროფესიონალიზმის მხრივ, ვფიქრობ, რომ ამ ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა პროფესიონალიზმის კომპონენტი სრულფასოვნად შეავსეს და ეს საერთოდ აღარ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ჩვენ გვყავს მაგარი პროფესიონალები, ვისაც ქვეყნის განვითარება შეუძლიათ. ერთადერთი რაც დარჩენილია, რაღაცის დაბრალებაა, ზოგი გაბრალებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ხარ, ვიღაცა გაბრალებს, რომ „ქართული ოცნების” სატელიტი ხარ”, -განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ბლოკს ”პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” აქვს მყარი მხარდაჭერა.

”მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები ჩატარებული, არამედ ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ყველას აქვს ჩატარებული შიდა კვლევები და ყველა ხედავს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მყარი მხარდაჭერა. მზარდია ჩვენი რეიტინგი და ამიტომაც ვართ თავდასხმის ობიექტი, ამიტომაც არის სულ საუბარი ჩვენს პოლიტიკურ ბლოკზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახლად შექმნილი ბლოკი საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობით შევა პარლამენტში.

”სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, დააფიქსირეთ ვისთან იქნებით კოალიციაში. ანუ გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ვართ პარლამენტში, ყველა კვლევით, ჩვენ პარლამენტში შევდივართ, მაგრამ არა მხოლოდ 6 კაცით, რაც ნიშნავს ბარიერის გადალახვას, არამედ შევდივართ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ხვალ და ზეგ ქვეყნის განვითარების განრიგის შექმნაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0