„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხეხილის 571 ბაღის გაშენება დაფინანსდა

24/07/2017

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხეხილის 571 ბაღის გაშენება დაფინანსდა.
ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3,570 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 17,914,959 მილიონ ლარს
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი დაფინანსება გაცემულია შემდეგ კულტურებზე: კაკალი, ვაშლი და ქლიავი.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:
ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.
პროექტი მიზნად ისახავს:
1) საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0