ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა ოპონენტის – სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოო განიარაღებას

16/07/2016

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა ოპონენტის – სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოო განიარაღებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ერდოღანი ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, საქართველოს კი, ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტელობა, რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

”თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება. ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას… სინამდვილეში კი რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდა წყლის ”თურქულ” მოვლენას და თურქულ ისტორიას ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა.

ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა. თავის ერთადერთი სერიოზული ოპონენტის – სამხედრო მაღალჩინოსნების საბოლოოდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი. ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის ხელი შეუწყოს თურქეთის დესტაბილიზაციას და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს. ამერიკას კი, თურქეთი ძალიან სჭირდება, როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მას თურქეთის დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს, ამდენად ოფიციალური ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია, თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს.

ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რამეთუ მან დღეს გაიმარჯვა და რადგანაც ყველას თურქეთის “სტაბილურობა” უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთის დემოკრატიული ორიენტაცია.

საქართველოს ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტელობა, რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე რომ არც ერთის და არც მეორეს მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ”ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0