რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და გოჩა ლორია ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების (CoMDeP) მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელ იან ვანდერსს, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან კარინა იანსონეს და მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელ კარინა მელიქიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40, #41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ მიმდინარეობაზე, უკვე შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, შეხვედრის მონაწილეები #6 საბავშვო ბაღში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, რუსთავის #6 და #40 საბავშვო ბაღებში ენერგოეფქტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც შენობების გარე კონსტრუქციების, კედლების, სახურავის, სარდაფის ჭერისა და სხვენის თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნებას ითვალისწინებს. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, #6 საბავშვო ბაღში უკვე დამონტაჟდა ახალი, ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა, გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული – გამწოვი სავენტილაციო და ელექტრო სისტემები. პროექტს – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40, #41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 2015 წლის 19 ნოემბრიდან მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ. 808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს. პროექტი რუსთავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში. 2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.
ენერგოეფექტური რეაბილიტაციის II ეტაპი რუსთავის საბავშვო ბაღებში
17/10/2016