წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგურის „წყალტუბო 500″ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტის წარმატებით განხორციელებას. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის „წყალტუბო 500″ მშენებლობა დაასრულა. წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოსდაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი სქემების მეშვეობით გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის” ფარგლებში განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის – „ჯვარი-წყალტუბოს” მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური „წყალტუბო 500″ ქვესადგურ „ჯვარი 500-ს” დაუკავშირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერს თუ მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, გვინდა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, ამისთვის მუშაობა დაწყებულია და გრძელდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავაჭარბებთ უკვე 8 000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და 2030 წლისთვის გეგმა არის, რომ გადავაჭარბოთ 10 000 მეგავატს. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდი მაქსიმალურად იზრუნებს ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში.
„ჩვენ ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური გეგმა და ამ გეგმას პირნათლად შევასრულებთ. ჩვენი სამთავრობო პროგრამის სახელწოდება გახლავთ – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ”. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გეგმაზომიერად შევასრულოთ ეს ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ სწორედ 2030 წლისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ”, – განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.