ენერგეტიკის დარგში ბევრი სიახლე ხდება – გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა

25/10/2023

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების უფლებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. შესაბამისი შინაარსის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორებმა.

„ენერგეტიკის დარგში ბევრი სიახლე ხდება – გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა, სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, რათა გაიზარდოს თაობა, რომელიც ენერგეტიკაში ღირსეულად დასაქმდება,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ ენერგეტიკის დარგში დასაქმდნენ როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე პროფესიონალები. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს რა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამაში და ეთანამშრომლათ უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან, განსაზღვრეს სტაჟირების მიმართულებები – შედეგად, ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებებსაც ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით. პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0