ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტია

12/12/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ენგურჰესის 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგო-ობიექტის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის, ამ მხრივ საქართველოში არსებული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ – წარმატებული თანამშრომლობის. ასევე ენგურჰესი არის იმედისმომცემი, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ“, – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ და ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განვითარდეს განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა, დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯერ კიდევ შარშან გამოცხადდა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით. მაგრამ ასევე ჩვენ არცერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ენგურჰესის 45-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები“ – სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0