ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

05/08/2020

„ამ დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა და ანდერძი, რომელიც საქართველოს ევროპაში დაბრუნებას უკავშირდება – ევროპაში დაბრუნება, საქართველოს ევროინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ასრულებს საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მიერ ევროპაში დასაბრუნებლად გავლილ გზასა და ამ პროცესში ქართული ემიგრაციის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა ის ადამიანები, ვისმა ნააზრევმაც ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოიყარა თავი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუძლებელი იქნებოდა.

„რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც არის თავმოყრილი ამ სივრცეში, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა, დღეს ევროპა ყოფილიყო ასეთი მაღალი პრიორიტეტი, ევროპა ყოფილიყო ასეთი სახით წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო ყოფილიყო ამდენად ფართოდ წარმოდგენილი ევროპაში. საქართველოს ევროპაში ჰყავს არა მხოლოდ ელჩები, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში არიან, საქართველოს ევროპაში ჰყავს კულტურის ელჩები, ჰყავს ისტორიის ელჩები, ემიგრანტები, რომელთა დამსახურება არის უდიდესი როგორც მიღწეულ პროგრესში, ასევე, ყველა რთულ დროში, როდესაც ემიგრაცია აკეთებდა შეუძლებელს საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ პროფესორ გურამ შარაძის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს გურამ შარაძის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნაში თითოეული ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი და დამსწრეებს შეახსენა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბიბლიოთეკა საქმიანობას უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული პროტოკოლის დაცვით განაახლებს.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მადლობას გიხდით ყველას – თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობამ გაიაზროს, თუ როგორ დგამდა ნაბიჯებს საქართველო ევროპისკენ. იმ ადამიანებმა, ვისი ბიოგრაფიები და ფოტოებიც აქ არის წარმოდგენილი, შესაძლებელი გახადეს, რომ დღეს საქართველოს აქვს რეალური გეგმა და სამოძრაო რუკა ევროკავშირში დასაბრუნებლად. მე, პირადად, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, ქედს ვიხრი და მადლობას ვუხდი ჩვენს წინაპრებს ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0