ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ქვემო ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართა

11/12/2023

ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილეები: ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, იმ საარჩევნო ტექნოლოგიებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0