ელექტრონული ნარჩენების მართვის დანერგვისთვის ახალი პროექტი იწყება

20/06/2019

ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორგანიზაცია GEO-სთან თანამშრომლობით იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა. პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პროექტის ხელმძღვანელმა, ხათუნა გოგალაძემ (GEO) ისაუბრა. ახალი პროექტის ხანგრძლივობა 16 თვეა და მისი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის განხორციელების ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის. პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში; ასევე, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტი დახმარებას გაუწევს კერძო სექტორსაც მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში. პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ (2017-2018). პროექტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0