თბილისში ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა და მის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვლი, ევროკომისიის დირექტორატის წევრი (ვიდეო ჩართვის საშუალებით) ლაურენს მერედიტი.
კონფერენციის ძირითადი თემაა ე.წ. ელექტრონული ინფრასტრუქტურის (კომპიუტერული ქსელები, მაღალი წარმადობის გამოთვლითი რესურსები, მონაცემთა ბაზები, პროგრამული უზრუნველყოფა) გამოყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი ექსპერტი 20 ქვეყნიდან, მათ შორის 40-ზე მეტი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენზიაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები წამყვანი ევროპული პროექტების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ჩატარებული კვლევების შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვაში, ბიოლოგიაში, ტელემედიცინაში და მეცნიერების სხვა დარგებში. სპეციალური სესია დაეთმობა ევროპის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში (CERN) მიმდინარე კვლევებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკომისია, ევროკავშირის EaPConnect პროექტი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა” და საქართველოს უნივერსიტეტი.