თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ „ქართული ოცნება“ კურსს შეიცვლის, მხარს დავუჭერ მას, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა განმარტა თუ რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ პარტიის შტაბში არ დადის, თუმცა „შეიძლება თვეში ერთ შეკრებას დაესწროს“.
„მე არ ვარ პროცესებში ჩართული. „ოცნების“ საარჩევნო პროცესებში ჩართვა შეიძლება, გადაჭარბებული იყოს. მე შტაბში არ დავდივარ. შეიძლება თვეში ერთხელ შეკრებას დავესწრო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება. პროცესები მიდის ჩემს გარეშე. რაც შეეხება ჩემი, როგორც მოქალაქის აქტიურობას, ჩემი სურვილია, რომ “ოცნებას” მხარდაჭერა გამოვუცხადო, ვინადან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპული მიმართულებით გააგრძელებს სიარულს. მხოლოდ ამ მიზეზით ვუჭერ მხარს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად, რომ „ოცნება“ შეიცვლის მიმართულებას და ღირებულებებში აღრევა მოხდება, მე მას დავუჭერ მხარს, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. გუნდში არის უამრავი წარმატებული პიროვნება, ვინც იზიარებს ამ კურსს. ამ მიმართულებით „ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, არ დაემორჩილონ იმ აგიტაციას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ექსპერტებს, „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზიებულ ეკონომიკურ ფორუმზე მივიდნენ და დაასაბუთონ, თუ მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში.
„ეკონომიკური სიდუხჭირით სპეკულირება არის გარკვეული ხიფათი იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. არავინ ამბობს, რომ მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური. ამბობენ, გადით რეგიონებში რამდენი გაჭირვებულიაო. გაჭირვებული იქნება და ამის აღმოფხვრა 3-4 წელიწადში შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს 10-15 წელიწადში. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი სურვილი მაქვს, მოსახლეობამ ამის ანალიზი გააკეთოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.