მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს და, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.
ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების საკითხზე საუბრისას ყურადღება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ამოქმედებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კოდექსის საფუძველზე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის განხორციელებით შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება. ასევე, აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაც, რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორების პოლიტიკის დაგეგმარების ადრეულ ეტაპზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებას, რაც აზღვევს გარემოსდაცვით რისკებს.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს.
„2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება. 2019 წლის პირველი იანვრიდან, დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან იგი ევრო 5-ს მიაღწევს. შედეგად, მნიშვნელოვანი დამბინძურებლები – გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე ევროპული პრინციპების დანერგვის მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნა ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის საშუალებითაც მარტივად გასაგები ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია უწყვეტ რეჟიმში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსის და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე. დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და იგეგმება 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება (არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, ერუშეთის და რაჭის ეროვნული პარკები, რიონის აღკვეთილი).
მინისტრი შეეხო ნარჩენების მართვის საკითხსაც და აღნიშნა, რომ 2019 წლის 1 თებერვლიდან ეტაპობრივად დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“, რაც მიმართულია პოლიეთილენის პარკების გარემოში მოხვედრის შემცირებაზე/პრევენციაზე და ის ასევე ხელს შეუწყობს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების განვითარება/წახალისებას. პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ასევე, აიკრძალა ოქსო-ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ამასთან ერთად, მიმდინარეობს წამახალისებელი ზომების შემუშავება პლასტიკის და მინის ბოთლებისათვის ე.წ. დეპოზიტის სისტემის დასანერგად, რაც მომხმარებლებს გაუჩენს მოტივაციას იმისა, რომ მოხდეს ბოთლების დიდი ნაწილის უკან ჩაბარება.