„პირველი პრეცედენტია, რომ 2016 წელს საქართველომ 7.98 ქულით ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოში მე-5 ადგილი დაიკავა 159 ქვეყანას შორის. ფრეზერის ინსტიტუტის ანგარიშში საქართველოს მდგომარეობა 16 კომპონენტსა და ქვეკომპონენტში გაუმჯობესდა, რამაც ქვეყანა მნიშვნელოვნად დააწინაურა მსოფლიო რეიტინგში. საქართველოს მხოლოდ ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია უსწრებს“ – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ანგარიშში, სადაც წინა წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა და მე-12 ადგილიდან ლიდერ პოზიციაზე გადმოინაცვლა. საქართველო მე-5 პოზიციაზე იმყოფება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, კანადა და ირლანდია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2012 წლის ანგარიშით საქართველო 53-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2013 წელს – 21-ე ადგილზე, 2014 წელს – მე-16 ადგილზე, 2015 წელს კი მე-12 პოზიციას იკავებდა.
„ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცხოვრების უკეთეს პირობებს, უკეთეს მომავალს და კეთილდღეობას მოუტანს“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზომავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას ხუთი ძირითადი სფეროს მიხედვით. ეს სექტორებია – მთავრობის ზომა ეკონომიკაში (7.83 ქულა), საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა (6.61 ქულა), ფულით უზრუნველყოფა (9.11 ქულა), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (8.45 ქულა) და საბანკო, ბიზნესისა და შრომის ბაზრის რეგულაცია (7.90 ქულა).
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მათი პოზიციები რეიტინგში ასე გამოიყურება: რუსეთი – 102-ე, უკრაინა – 135-ე, თურქეთი – 90-ე, აზერბაიჯანი – 107-ე, სომხეთი კი მე-18 პოზიციაზეა.