ეკონომიკის 7.5%-იან ზრდას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს და ამაში გიორგი კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ არის, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე მოგების გადასახადის გაუქმება, დღგ-ს სწრაფი დაბრუნება არა კვირიკაშვილის, არამედ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დამსახურებაა.
„ბევრი ოპონენტი ამას ახსენებს, რომ მაისში 7,5%-იანი იყო ეკონომიკური ზრდა, ამ პრემიერ-მინისტრმა საოცრებები მოახდინა და ამ დროს ის გადადგა. ბევრი ოპონენტი ცდილობს ეს მომაწეროს მე, კაცმა საოცრებები მოახდინა და წასვლა აიძულეს. სიტყვა „აიძულეს“ შეიძლება არ იყო ლეგიტიმური, თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. მან ნახა როგორც ხდებოდა, კითხვებს პასუხი ვერ გასცა და პრაქტიკულად არჩევანი არ ჰქონდა. რაც შეეხება 7,5%-იან ეკონომუიკურ ზრდას, მაგის მიზეზებს მოკლედ ჩამოვთვლი. პირველი არის ის, რომ ევროპასთან თავისუფალმა ვაჭრობამ თავისი ეფექტი იქონია. ევროკავშირი გახდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ამავდროულად ჩინეთთან შევედით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. ამავდროულად გავავლოთ ხაზები. კვირიკაშვილის განსაკუთრებული დამსახურება ვერც ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობის პროცესშია განსაკუთრებული, თუმცა, მას თავისი წვლილი ჰქონდა. მით უმეტეს, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში, კვირიკაშვილს არავითარი განსაკუთრებული წვლილი არ აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული წვლილი ამაში, ისევ ბახტაძე შემიძლია გავიხსენო, ჩვენი დღევანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რკინიგზას კურირებდა და იმის შემდგომაც, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, ბახტაძეს დავასახელებდი და არა კვირიკაშვილს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა ეკონომიკური ზრდის მიზეზად დღგ-ს დაბრუნება და მოგების გადასახადის გაუქმება დაასახელა.
„შეიძლება ამავდროულად ეკონომიკის ასეთი ზრდის მიზეზად დავასახელოთ მოგების გადასახადის გაუქმება, რისი ავტორიც გახლდათ კვირიკაშვილი მართლაც, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც კვირიკაშვილი ამას ცდილობდა და პირველ ეტაპზე მეც ჩავერიე, რამდენადაც ეს იყო მიუღებელი, გახლდათ ის, რომ დღგ-თი უნდოდათ შეევსოთ ბიუჯეტი მოგების გადასახადის ნაცვლად და ბანკების გათავისუფლებაც კვირიკაშვილს სურდა პრინციპულად, რაც დაანგრევდა კიდევ ბიუჯეტს. იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კვირიკაშვილს სურდა, ამაზე საყვედურიც და შენიშვნაც გაისმა. ამას არათუ ეფექტი ექნებოდა, უკუეფექტს მივიღებდით. დღგ-თი რომ ბიუჯეტი არ შევავსეთ და ბანკებს არ მივეცით საშუალება მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულიყვნენ, ისევ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2024 წლამდე გადასწია, რამაც გარკვეულ წრეებში განაწყენება გამოიწვია, რაც კვირიკაშვილს 2019 წლიდან სურდა. გარდა ამისა, ზრდის ფაქტორად შემიძლია დავასახელო ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა, ამაშიც ახალმა ფინანსთა მინისტრმა ითამაშა უფრო მეტი როლი, ვიდრე ორწელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად, რომლებიც ეკონომიკას მართავდნენ. რაც 5-6 თვეში გაკეთდა, ბოლო რამდენიმე წელიწადში არ მომხდარა დღგ-ს დაბრუნების კუთხით. დღგ-ს დაბრუნებამ და ეკონომიკაში სწრაფი ფულის გაჩენამ გამოიწვია მათ შორის ეკონომიკის 7.5%-ზე გავლენა. რა თქმა უნდა, აქ არის კვირიკაშვილის როლი, მაგრამ არა განსაკუთრებული. პირიქით, მან დააგვიანა ძალიან ბევრი პროცესის სწრაფად შემოღება, რაზეც მე არ გავჩერდები“, – განაცხადა ივანიშვილმა.