საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა:
„თქვენო უდიდებულესობავ! თქვენი აღმატებულებავ! ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო მსოფლიო მთავრობების სამიტს და გულითადი მადლობა გადავუხადო მასპინძელი ქვეყნის – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და მასპინძელი მთავრობის პატივცემულ წევრებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციებისა და წინსვლის კონტექსტში, და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით. წლევანდელი სამიტის თემაა მომავლის მთავრობათა ფორმირება და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში. დღევანდელ შეკრებაზე თქვენ წინაშე გამოვდივარ მომავლის იმედითა და ოპტიმიზმით აღსავსე, რადგან ვიცი, რომ ჩვენი გამორჩეული მასპინძლების ხელმძღვანელობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები გააგრძელებს სასიცოცხლო როლის შესრულებას უკეთესი მსოფლიოს ფორმირებაში. ჩვენს მთავრობას აქვს ძლიერი საქართველოს ხედვა, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი, და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ქმედით და ეფექტიან პოლიტიკას ვამუშავებთ და ჩვენს ხედვას ძლიერი მოქმედებებით ვამყარებთ.
მიუხედავად რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სერვისების სფეროებში, ტურიზმის ჩათვლით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც, – 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის – წელიწადში საშუალოდ 5%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში 100%-ზე მეტით გაიზარდა. ჩვენმა გადამწყვეტმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9.4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5 პროცენტამდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს ან იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირებისა და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოსატანად. ჩვენი მიზანია საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელ თავებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო საერთაშორისო ფირმებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს. საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლიათ ისარგებლონ ევროპის 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით საბაჟო მოსაკრებლისა და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-სთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9 პროცენტია. ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ასევე არსებითად მიმზიდველ წინადადებას, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისაგან თავისუფლდება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს როგორც ბიზნესის კეთების მიმზიდველ ადგილს. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშში საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობისა და ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო 1-ელ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიხედვით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე, საქართველო მე-8 ადგილზეა 80 ქვეყანს შორის და მსოფლიოში ყველაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს ინვესტიციების მიმზიდველობის ნიშნით. ჰერითიჯის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობითა და ყველა მოქალაქისთვის უფრო წარმატებული მომავლის შექმნით მივაღწიეთ. ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით, ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ ჩვენი ხალხის ცხოვრების დონეს. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ისე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინიციატივები ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროპისა და აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გაზრდის ჩვენი რეგიონისა და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნების დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათ შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით შავი ზღვის თხევადი აირის პროექტის განვითარებას. მისი წარმატებული განხორციელება ხელს შეუწყობს სამხრეთ დერეფნის შემდგომ განვითარებას პროდუქტებისა და მარშრუტების მიწოდების დივერსიფიკაციის გზით. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე განვიხილავთ ეგრეთ წოდებულ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს ევროკავშირის პარტნიორებთან, რაც დამატებით ეკონომიკურ მუხტს შემოიტანს და კატალიზატორად იქცევა ევროპულ და აზიურ ბაზრებთან მეტი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და მოკავშირეები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ისარგებლებენ ამ პროექტებით. ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების გარეშე. სწორედ ამიტომ, შარშან დავამტკიცეთ მთავრობის ხედვა 2030. ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს და წარმართავს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას, თან ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტებს, გაეროს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სულისკვეთებასა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას. გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობასა და ღიაობას, ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების სფეროებში. ეს ძალისხმევა აისახა „საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის 2022 წლის ინდექსში, რომლითაც საქართველო 41-ე ადგილზეა მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს მრავალ ქვეყანას მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით. მსოფლიო სამართლის პროექტის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო 1-ელ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2023 წლის ინდექსით, „ნამბეოს” მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის, მსოფლიოში მე-18, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილზეა. ყველა იმ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადაწყვეტილი გვაქვს სწრაფი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი შემდეგი უახლოესი ეტაპი. ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონუ და გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება, ვრჩებით ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების ერთგული და ვემსახურებით ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს. სამომავლოდ, ჩვენი პარტნიორების ნდობა საქართველოს მიმართ პირდაპირ პროპორციულია ჩვენი სტაბილური წინსვლისა და დემოკრატიისადმი დემონსტრირებული ერთგულებისა, ისევე როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი რეალური მიღწევებისა. დაბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, მშვიდობის, შესაძლებლობებისა და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავე დროს, ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ, დაე, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია საქართველო ვაქციოთ იმის ნათელ მაგალითად, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად საერთო-სახალხო გაერთიანებით. ამას შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ჩვენს ხედვას რეალობად ვაქცევთ”!
ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების გარეშე
13/02/2023