ეკონომიკის ახალი მინისტრი აქტიურად მონაწილეობს პროცესებში, რომ საქართველოს მცირე ბიზნესს განვითარების მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს

21/05/2019

„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, აქტიურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) იძლევა. ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა კანონმდებლობისა და რეგულაციების შემუშავების მიმართულებით. ვფიქრობ, ეკონომიკის ახალი მინისტრი კარგად ერკვევა აღნიშნულ საკითხში, იგი ინტენსიურად მონაწილეობს ამ პროცესში საკუთარ გუნდთან ერთად იმ სექტორების განსაზღვრისთვის, სადაც საქართველოს მცირე ბიზნესს განვითარების მეტი შესაძლებლობები აქვს, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ევროპულ ბაზარზე,” – განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა ევროკავშირისა და DCFTA პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალურ მინისტერიალზე საქართველოს შესაძლებლობების შეფასებისას.
ევროკომისარის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რათა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, გაცვალონ მოსაზრებები DCFTA-ს განხორციელებაზე და, ასევე, ისწავლონ ერთმანეთისგან. „ევროკომისია აქ არის იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს, თუმცა ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ასე რომ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რათა პრაქტიკულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ DCFTA-ითა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული შესაძლებლობები,“ – განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0